ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
რწყილი და ჭიანჭველა
რწყილი ახტა, დახტა და ყოჩაღად გადაახტა რუს. ჭიანჭველამ ისკუპა და წყალში ჩავარდა... ამის შემდეგ იწყება ამბის მთავარი „დრაივი“ - რწყილის „ჩალიჩი“ ძმობილის დასახმარებლად - მიდექი-მოდექი, ის შეაწუხე, ეს შეაწუხე, იმას პატივი ეცი, ამას პატივი ეცი... ფინალი - ბედნიერი: ყველა გადარჩა, ყველა კმაყოფილია, ყველამ იხეირა... ზღაპრის პოზიტივს თან ახლავს ზღაპრისეული სისასტიკეც - კრუხმა წიწილა ფეტვში გაცვალა... „ხეირს“ ფასი აქვს, არცთუ მთლად ზღაპრული...
ზღაპრებსა და მითოლოგიაში საზოგადოების ცხოვრებისეული ფილოსოფია და პრობლემების აღქმისა და დაძლევის ჩვევები ილექება. მაგალითად, ნაცარქექიას ზღაპარზე მრავალგზის თქმულა, რომ ის ასახავს ქართველის ისტორიულ ბედ-იღბალს - დევებთან ჭიდილი და „ხერხი სჯობია ღონესა...“ მომწონს ეს ასპექტი, მომწონს მომავლის გამჭრიახობაზე დაფუძნება...
„რწყილ და ჭიანჭველას“ სხვა ლოგიკა აქვს - ეს არის ამბავი, სადაც ინდივიდის გადარჩენა „ძმობილის“ საქმეა, გადარჩენის მექანიზმი კი მიდექი-მოდექი „ჯიგრული ჩალიჩი“... არავინ უწყის, როდის შეიქმნა ეს ზღაპარი და ქართველთა ყოფიერების რა ასპექტს ასახავს, მაგრამ დიდი ალბათობით, უსახელმწიფო ერის თვითგადარჩენის ინსტინქტს...
ნეპოტიზმი (რომელსაც „ქართული ჯიგრული პონტი“ დავარქვით) და მოქრთამვა (რომელსაც „პატივისცემა“ ჰქვია) დღემდე ყველასთვის გასაგები ფენომენია: ერისთვისაც და ბერისთვისაც, მოხუცისთვისაც და ახალგაზრდისთვისაც, უბრალო მოქალაქისთვისაც და იმ სახელმწიფო მოხელისთვისაც, რომლის პასუხისმგებლობა „ჯიგრული პონტების“ სამართლებრივი დაძლევა უნდა იყოს, წესით... დიახ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ყოველდღიური ყოფის შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად დავძლიეთ მასობრივი კორუფცია, კორუფცია როგორც მართვის სტილი და ცხოვრებისეული ფილოსოფიის ქვაკუთხედი, დაგვრჩა. „ჩალიჩი“, სხვის „ჩალიჩზე“ ყურის წაყრუება და ამ ყველაფრის მძიმე შედეგი - უნაყოფო შრომა და ფუსფუსი... ბორბალში მორბენალი საზოგადოება, რომელსაც ხეირისთვის წიწილას მოსთხოვენ... ლიფტში გაჭედილი პერსონაჟი შეძახილით - „გინდა ზევით ადი და გინდა ქვევით ჩადი“... არადა, თითქოს მოკვდა იმ უსახელმწიფო ერის ეპოქა...
„ცისფერი მთები“ - გვინახავს ბევრჯერ და ათასჯერ, მისი ფრაზები ზეპირად ვიცით... ეს არის ამბავი უმიზნო შრომის, ამბავი უშედეგო შედეგის, მარტივი ამბავი დიდი სიღრმეებით, ამბავი სადაც პროცესის ანატომია ისეთი დეტალურია, მსგავს შედეგს ეკონომიკის, პოლიტიკისა თუ საჯარო მართვის ექსპერტების მრავალი ნაშრომი დასჭირდებოდა... ეს არის ამბავი, სადაც სახელმწიფო „სხვისია“ და სხვისი მომავლისთვის გვეზარება, ვიყოთ გამჭრიახები... „ცისფერი მთები“ უდავოდ იქცა ნეგატიურ მეტაფორად - დღეს არც ერთ უწყებას არ აქვს სურვილი, ვინმემ ამ ფრაზით მოიხსენიოს. „ცისფერი მთები“ გაუგებარია ახალგაზრდებისთვის - ბევრჯერ მიკითხავს... მაგრამ იქცა კი რწყილის „ჩალიჩი“ გაუგებრად და მიუღებლად? გაქრა „სხვისი სახელმწიფო“, მაგრამ გაქრა კი უსახელმწიფო ერის კომპლექსი? „ჩალიჩი“ ადამიანის ღირსებაა და მოქრთამვა „პატივისცემა“... „ღირსეულებთან“ მეგობრობას „დავალებული“ ჰქვია და „ღირსეულების“ გარეშე დარჩენილთ „უპატრონო“... ასეთია ქართული მორალის ამორალური პარადიგმა და მისი ლინგვისტური ვიზუალიზაცია... არადა ოდესღაც, „ქვრივმა („უპატრონომ“) რკინის ქალამნები ჩაიცვა და მეფესთან (სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში) წავიდა სამართლის საძიებლად“... ჩემთვის ეს ზღაპარია იმედის მომცემი...
***
ნუ დამაბრალებთ ზღაპართმებრძოლეობას. რასაკვირველია, არც რწყილს ვერჩი რაიმეს და არც ჭიანჭველას, მეტაფორად გამოვიყენე, სათქმელის უტრირებისთვის და აზრის ილუსტრირებისთვის...
როგორი მინდა იყოს თანამედროვე ქართული ამბავი? - ჭიანჭველამ (მოქალაქე) უნდა ისწავლოს პრობლემის გონივრული დაძლევა (რუს შემოვლა) და ტექნოლოგიების გამოყენება (ტივის გაკეთება). რუს უნდა ჰქონდეს ხიდი (მმართველის პასუხისმგებლობა). მუხას, ღორს, ყვავს, კრუხს, თაგვს, კატას, ძროხას უნდა ჰქონდეს ჩვევა კრიზისულ სიტუაციაში გამოიჩინონ ერთობლივი უანგარო ძალისხმევა და პასუხისმგებლობა (სამოქალაქო საზოგადოება). რწყილმა (ლიდერი) თავისი უნარები უნდა მოახმაროს საზოგადოებრივ სიკეთეებს... ეს არის ჩვენი მომავლის ამბავი, დიახ, ამბავი და არა ზღაპარი - დროა ზღაპარი, მითი და ოცნება დავაბრუნოთ იქ, სადაც მათი ადგილია - ირეალურ სამყაროში...
***
პირადი ამბავი, ცოტა ზღაპრული, მაგრამ ნამდვილი: ოციოდე წლის წინ, საქართველოს საზღვრებს გარეთ ხანმოკლე პროფესიული ვიზიტის შესაძლებლობა დიდ მოტივაციად ჩავთვალე ჩაბნელებულ (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) სახელმწიფოში. იმ ჩაბნელებული სახელმწიფოს მოქალაქეებს საბჭოთა პასპორტი გვქონდა უმეტესად - წლების წინ გარდაცვლილი სახელმწიფოს პასპორტი... რას ვიფიქრები, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად ზღაპრის პერსონაჟად გადაქცევა მომიწევდა - მივაკითხე მუხას, ღორს, ყვავს, კრუხს, თაგვს, კატას, ძროხას... არ მომეწონა ეს ზღაპარი... ჩავიცვი „რკინის ქალამნები“ და იმ სახელმწიფოში, რომელსაც „არშემდგარ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებდა ყველა საერთაშორისო ინდექსი და ანგარიში, მოქალაქის პასპორტი მოვიპოვე... არ ჩამეთვალა ძალისხმევა მორალურად და მოსაწონად, „ქართულ ჯიგრულ პონტში“ ვერ „ვუჯიგრე“ მუხას, ღორს, ყვავს, კრუხს, თაგვს, კატას, ძროხას... ვერ ვახეირე და თავადაც გავწვალდი... მას შემდეგაც ბევრჯერ დამიწუნა მორალი მუხამ, ღორმა, ყვავმა, კრუხმა, თაგვმა, კატამ, ძროხამ... მაგრამ ყველაფერი შეიცვლება ჩემი მომავლის ქართულ ამბავში, სადაც წიწილები დაფრთიანდებიან... დღეს, როდესაც ჩემი არჩევანი ვიღაცისთვის ისევ არ არის გამართლებული, მჯერა, რომ 20 წლის შემდეგ მათ „მორალს“ კურიოზად გავიხსენებ სატირულ ბლოგში თუ ვიდეო ლექციაში...