ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო, ბელარუსის საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი დირეკ შუბელი.
”ბელორუსის წინააღმდეგ უპრეცედენტო შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით”, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დირეკ შუბელი. ევროკავშირის ელჩს ეცნობა ბელორუსული მხარის მტკიცე პოზიციის შესახებ სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტის სანქციების გამოყენების აბსოლუტურად მიუღებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, ბელარუსი აჩერებს ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას.
ბელარუსმა ასევე გამოიწვია თავისი წარმომადგენელი ევროკავშირიდან და მოუწოდა ბრიუსელს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე მინსკმა დააწესა შეზღუდვები ევროკავშირის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაში მონაწილეობდა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. ევროკავშირის ურთიერთობები მის მეზობლებთან წარიმართება ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის და განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ხელმძღვანელობით, რომელებიც მოუწოდებს, რომ საჭიროა ორიენტირება ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების სტაბილურობის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. ამ ჩარჩოს ფარგლებში არსებობს ერთობლივი ვალდებულება, რომლის მიხედვით რეალური შედეგები უნდა მოუტანონ მოქალაქეებს მთელ რეგიონში.