„საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი, თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით“, - ამ გზავნილით ჩავიდნენ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით, სადაც რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან. ეს ვიზიტი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან თვენახევრის შემდეგ შედგა. როგორც ბელგიაში გამართული შეხვედრის მონაწილეების მხრიდან წინასწარ დაანონსდა, ბრიუსელის გარდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში იგივე ფორმატით შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.
„ევროკავშირი აღიარებს, რომ „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებთან განსხვავებული დღის წესრიგი არსებობს, ვიდრე აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან და ახლა ამის დემონსტრირება ხდება“, - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.
„რისი მომტანია ეს?“ - Europetime-თან ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდკრიზისის გადალახვა, სამივე ქვეყანასთან ევროკავშირმა ძალიან მჭიდროდ იმუშავა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.
„მათ აინტერესებთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ სტაბილურები და ალბათ, პოსტკოვიდურ გეგმებზეც აინტერესებთ საუბარი, თუ როგორ აპირებენ ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფას, სოციალური პრობლემების დაძლევას, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე დაახლოებას.
ეს ყველაფერი და მისი ცოდნა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სტიმულის მიცემა ამ სამი ქვეყნისთვის, რომ გაგრძელდეს რეფორმები. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ეს სამი სახელმწიფო გადაიქცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავსებად სახელმწიფოებად ისე, რომ მათი განვითარების დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარების დონემდე ავიდეს ყველა მიმართულებით - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო, ბიზნესი და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ასოცირებულ ტრიოს ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება.
ასე რომ, სამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა Europetime-თან. ინტერვიუში.
ცნობისათვის, Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, რომლის დროსაც ჰიბრიდულ საფრთხეებზეც ისაუბრა.
„ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს.
უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რასაც მალევე მოჰყვა ამ სამი ქვეყნის მიერ მემორანდუმის გაფორმება.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები „ასოცირებული ტრიოს" პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს შეხვდნენ.