მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე: აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობის განცხადებით, პანსიონთან მიმართებით ყველა რეკომენდაციას გაითვალისიწინებენ, მათ შორის სახალხო დამცველის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ხელისუფლების. ამის შესახებ მან სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან. ჩვენ გავითვალისწინებთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, ისევე როგორც ევროკავშირის, UNICEF-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ. თუ რამე პრობლემა იქნება, ყველაფერს აღმოვფხვრით", მეუფემ.

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში არსებული ყველა პრობლემა აღმოიფხვრება, ამჟამად კი, მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა მცირე ტიპის საოჯახო დაწესებულებების დროული აშენებაა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პანსიონში მყოფი ბენეფიციარებიდან მხოლოდ ერთს უნდა ტერიტორიის დატოვება და თბილისში გადასვლა და როდესაც შესაბამისი ადგილი გამოიძებნება, მას გადაიყვანენ. რაც შეეხება აღმზრდელებს, მისი თქმით, მათი რაოდენობა 20-ია, ხოლო მოგვიანებით საშტატო ერთეული 40-მდე გაიზრდება. ამასთან, მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ვისაც პანსიონში გაჩერების სურვილი არ ექნება, ძალით არ გააჩერებენ. ამასთანავე, მისი თქმით, ძალადობის შესახებ ვინც საუბრობდა, ის ბავშვები ძირითადად აღარ არიან პანსიონში.

პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, თუ სად აშენდება და ვინ დააფინანსებს მცირე ზომის საცხოვრისებს. თუმცა, მისი თქმით, ეს მთავრობა არ იქნება.

"ხელისუფლებას ბიუჯეტში ისედაც უჭირს, ამდენი პრობლემაა, მარტო ერთი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ხომ არ არის. ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც გადაიჭრება, ამიტომ უფრო სხვა გზებს ვნახავთ", – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა

ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე: დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, არ არსებობს ერთიანი, სრულყოფილი ბაზა ბავშვების შესახებ