„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს" - ამ სათაურით გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა Financial Times-ის ჟურნალი fDi Magazine ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითველს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის. მართალია ეს ქვეყანა მცირე ზომისაა, მაგრამ ის ამაყობს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით, შავი ზღვის სანაპიროთი, ჯადოსნური კავკასიონის მთებით, მრავალფეროვანი ბუნებით, 8 ათასწლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციითა და მდიდარი სამზარეულოს კულტურით“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონიდან 4.4 მილიონს მიაღწია. 2019 წელს კი მოგზაურთა რაოდენობა ამ მონაცემებზე ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა და საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ამ შედეგმა ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის 7.5% -ს შეადგენს.
სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამარ ყორიაულის ციტატაა მოყვანილი.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის უსასყიდლოდ ვმართავთ ტრენინგებს უსაფრთხოების, მდგრადობისა და ეკო პრინციპების დასანერგად", - აცხადებს თამარ ყორიაული fDi Magazine-თან საუბარში.
„ვიდრე მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებისა და საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, ამასობაში ევროკავშირი, USAID, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა ორგანიზაციები ფინანსური კუთხით აქტიურად მხარს უჭერენ საქართველოს, რომ რეგიონული პროექტები განავითაროს. მაგალითად, ევროკავშირმა შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად „პროექტი გრეტა“ წამოიწყო. ეს არის დასავლეთ საქართველოს სამთო რეგიონების რვა მუნიციპალიტეტისათვის შეთავაზებული 860 000 ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამა. ასეთი გრანტებით მოქალაქეებს არა მხოლოდ სახლების შეკეთება და შემდეგ ორი ოთახის გაქირავება, არამედ ბიზნეს მოდელის შექმნა შეუძლიათ, სადაც გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებიც არის გათვალისწინებული“, - წერს სტატიის ავტორი.