„მოხარული ვარ, რომ მოსამართლეებმა განცხადებით გამოხატეს მზაობა, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე, ვიდრე საკითხთან დაკავშირებით არ შედგება ფართო, ინკლუზიური და მულტიპარტიული მსჯელობა, იმისთვის რათა სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები ეხმარებოდნენ საქართველოს სწორედ ამისთვის, რომ გამოსწორებულიყო სასამართლო სისტემა და ამას ვაკეთებთ უკვე 25 წლის განმავლობაში. ეს კეთდება იმის გამო, რომ კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში წევრობისთვის. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ სასამართლო სისტემის რეფორმირების ამბიციურ გეგმაზე, ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული პროცესის გზით.
19 აპრილის შეთანხმება არის ერთგვარი გზამკვლელი ამის გასაკეთებლად, მათ შორის, ეს გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას იქამდე, ვიდრე არ იქნება მსგავსი ფართო და ინკლუზიური მსჯელობა სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, სამუშაო ჯგუფებში იქნება ამ ტიპის დებატები, რომლებიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიცავს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ორგანიზაციებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეთა კანდიდატურები, თუმცა ახლა პარლამენტზე დამოკიდებული, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, რაც მაკფიოდ არის გაწერილი, რომ უნდა მოხდეს ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული მსჯელობა და დისკუსია ამ საკითხზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.