"დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა იმისათვის, რომ დავსახოთ თუ როგორი იქნება სამომავლო გეგმები, თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში არსებული დიდ ბავშვთა სახლების მიმართულებით.
„დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოშია. ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში გადაყვანა, ამასთან, მათი გადაყვანა საკუთარ ოჯახებში. ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა, ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯადაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 15 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპატრიარქოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.