ყველა ვხედავთ ბოლო დღეებში მიღწერულ პროგრესს, გრძელდება გრძელდება იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და UNICEF-ის წარმომადგენელიც ესწრებოდნენ.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს. განიხილეს თუ რა უნდა იყოს სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ბავშვების კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.
"პირველ რიგში, განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით და ამავდროულად, გრძელდება მონიტორინგი იმ ბავშვების მდგომარეობის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში.
ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალეობის დონეს, შექმნილი ვითარების ირგვლივ, რაც აბსოლუტურად აუცილებელია და არის კარგი.
განვიხილეთ თუ რა იქნება სამომავლო ნაბიჯები ახლა, იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებული ფოკუსი შენარჩუნდება.
ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა უფრო ფართო საკითხებზე, რომელიც უკავშირდება დეინსტიტუციონალიზაციას. არსებობს გაერთიანებული ინტერესი, რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველა მხარისგან ვიგრძენი. იქნება სხვადასხვა ქმედება, რათა დისკუსია წინ წავიდეს და ასევე ნარატივი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ამ გადამწყვეტ საკითხზე რეალური ნაბიჯები გადავდგათ წინ.
პარალელურად, ვნახე, რომ პარლამენტი ემზადება სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ბავშვთა დაცვის კოდექსზე, რაც მისასალმებელი ფაქტია. ვფიქრობ, პარლამენტის როლი ამ პროცესში იქნება ძალიან სასარგებლო. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ უკვე ჩართულები ვართ და მოწადინებული ვართ პროცესის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსია იყო ძალიან კარგი და სასარგებლო. ჩვენ ვიმსჯელეთ მიღწეულზე და დავსახეთ სამომავლო ამოცანები", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპატრიარქოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.