NCDC: ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია.

მათივე ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა გაიკეთოს.

„ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია.

რას ნიშნავს ეს?

მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითად, AstraZeneca-ს შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია. ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს „დანაკარგი“ ეწოდება.

არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა გაიკეთოს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ვაქცინაციის გეგმაში „დოზის დანაკარგი“ პროგნოზულად 15%-ია, Astrazeneca-ს შემთხვევაში დანაკარგმა 3%, Pfizer-ის შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა.

"რაც შეეხება Sinopharm-ისა და Sinovac-ის დოზების დანაკარგს, პრაქტიკულად, არის ნული, ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც გატყდა, დაზიანდა და ვერ გამოიყენა ექთანმა შემდეგ დოზა", - განაცხადა გაბუნიამ.