გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს.

შტაბის წევრების ინფორმაციით, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

„ერთ-ერთ შტაბში, რომელიც მდებარეობს გლდანის მესამე მიკროში, დილით ისროლეს ორი დიდი ქვა, ჩამტვრეულია მინები. ასევე, ისროლეს ნაჭრით და ბენზინით სავსე ბოთლები, რომლითაც ცეცხლი გააჩინეს. შენობა დამწვარია, ამ დროს შტაბში არავინ არ იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია“, - აცხადებს თამარ ზერეკიძე.

არსებული ინფორმაციით, უკვე ამოღებულია იქვე მდებარე აფთიაქის კამერის ჩანაწერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.