ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს.

ცვილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს და მას პარლამენტი ხმების 2/3-ით დაამტკიცებს. ასეთ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში - 6 თვე. ანუ, პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მხოლოდ „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლით ვერ აირჩევს.

ცესკოს წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება, რომელთაგანაც რვა პროფესიული ნიშნით შერჩეული, ცხრა პარტიების მიერ წარდგენილი წევრია. ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, რომელთაგან ერთი პროფესიული ნიშნით შეირჩევა, მეორე კი ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრებისგან.

ცვლილებების თანახმად, ასევე იზრდება პროპორციული წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი იქნება შემოღებული. მაგალითად, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 40-ს პროპორციული წესით აირჩევენ, 10-ს კი - მაჟორიტარული. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თავის მხრივ საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. პრეზიდენტმა განკარგულება მისი თამარ ჟვანიას გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.

პარლამენტი ცესკოს თავმდჯდომარეს ირჩევს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებს მხარი დაუჭირა