სებ: 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მლრდ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 20.6 მლრდ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია.

მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო - 332.8 და 127.9 მლნ დოლარით შემცირდა.

"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 573.8 მლნ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათსი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.