საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა.
"თავდაცვის მინისტრმა იენს სტოლტენბერგს NATO-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს NATO-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით.
ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მზადყოფნა საერთო უსაფრთხოების მიზნების მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაბამისად აისახება NATO-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ პროგრესზე.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა და ქართულ მხარეს NATO-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია სამნისტროს განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს