საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯეიმს აპატურაის ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ჯეიმს აპატურაის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, NATO-სთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდაში, მისი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში NATO-ს აქტიური ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ალიანსის სახელით ჩვენს ქვეყანას NATO-ს ეგიდით მიმდინარე მისიის ფარგლებში, გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2010 წლის დეკემბრიდან იკავებს. უახლოეს მომავალში ის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დაასრულებს და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ცნობისთვის, ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი საქართველოში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.