„ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ოდესმე მიმიღია და ასეთად დარჩება მომავალშიც“, - განაცხადა პრეზიდენტის მიერ „ოქროს საწმისის ორდენით“ დაჯილდოების შემდეგ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაიმ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა დაჯილდოებისთვის და NATO-ს სახელით განაცხადა, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოსთვის დიდი სამუშაოს გაწევას.
მან ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი, პირველი ვიზიტი გაიხსენა და შეადარა დღევანდელს, როცა ის უკვე ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენლის რანგში ბოლოჯერ სტუმრობს საქართველოს.
„ამ ჯილდოს ვიღებ არამხოლოდ ჩემი სახელით, არამედ NATO-სა და ყველა იმ ჩემი კოლეგის სახელითაც, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს საქართველოსათვის და კვლავ ასე განაგრძობენ მუშაობას. მინდა სამ საკითხს გავუსვა ხაზი: პირველი ძალიან დიდი მადლობა. მეორე, მსურს გამოვეხმაურო იმ პროგრესს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ვადა იწურება, ვიხსენებ, როგორი იყო საქართველო, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ.
პირველ რიგში, ეს შესანიშნავი ვიზიტი იყო, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი იქნებოდა, თუმცა შემდეგ დასრულდა მთებში დალევით. მე გავიაზრე, რამდენად სასიამოვნოა აქ ყოფნა, თუმცა შემდეგ ისიც გავიაზრე, რომ ამ ქვეყნის ხალხმა ცივილური არჩევანი გააკეთა - დასავლეთის ნაწილად ყოფნა. ეს პირველივე დღიდან დავინახე და დღესაც ვხედავ.
თუმცა ასევე, ნათლად ვხედავ, რომ საქართველომ არსებითად წინ წაიწია NATO-ს წევრობისაკენ და როგორც იცით, ზოგჯერ არის ნარატივი - ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ შევდივართ, არაფერი ხდება, თუმცა, როდესაც დღეს საქართველოს ვუყურებ, ვხედავ მაღალპროფესიონალურ, გაწვრთნილ, გამოცდილ, პროფესიონალ, თავსებად შეიარაღებულ ძალებს ასევე, კარგად ფუნქციონირებად თავდაცვის სამინისტროს, კარგად ფუნქციონირებად დაზვერვის სამსახურს. ვხედავ NATO-ს ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურ წვრთნებს, ინსტიტუციების შენებას.
ამერიკის ძალები ტრანზიტს ახორციელებენ და ვარჯიშებს გადიან აქ, NATO გადის წვრთნებს, NATO-ს გემები პორტში დგანან, ეს ყოველდღიურად ხდება. და ყოველი დღე როდესაც საქართველოს ძალები ჩვენ ძალებთან ერთად მუშაობენ, მათ მეტად შესწევთ უნარი, დაიცვან ამ ქვეყნის ტერიტორია, ის რეფორმები კი, რომლებსაც თავად ქართველი ხალხი ატარებს ალიანსის დემოკრატიული სტანდარტებისაკენ სვლისათვის, ეხმარება საქართველოს NATO-საკენ სვლაში. ეს ხდება და მე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს, რომ ცვლილება განხორციელდა, ახლაც ხდება და განაგრძობს განხორციელებას“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ და აქვე დაამატა პრეზიდენტის მიმართვის დასტურად, რომ ახალი პოზიციიდან განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.
ჯეიმს აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ აღტაცებულია საქართველოთი და ქართველი ხალხით.
„მესამე და ბოლო საკითხი, რაც მსურს აღვნიშნო, არის ის თუ რამდენად ვცემ პატივს და აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნითა და მისი ხალხით.
ძალიან მარტივი იქნებოდა სხვა გზის არჩევა, უფრო მარტივი გზის, რათა ამ რეგიონის უსაფრთხოების სირთულეები მოეგვარებინა და სხვა მიმართულებით შებრუნებულიყო, მაგრამ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, სურთ ევროკავშირსა და NATO-სკენ სვლა.
და თუ რამე ვისწავლე ქართველების შესახებ არის, ის რომ ისინი ჯიუტები არიან. ქართველები არ ნებდებიან, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, ვიდრე არ მიიღებენ იმას, რაც სურთ, რაც ამ შემთხვევაში დასავლური ოჯახის წევრობაა, არამხოლოდ გაზიარებული ღირებულებების, არამედ ინსტიტუციების კონტექსტშიც.
როგორც თქვენ მთხოვეთ, მე გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ საქართველოს სახლი ჩვენთან ერთადაა, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენ თქვენი.
ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე დავბრუნდები, თუმცა ასევე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ NATO განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რასაც თქვენ ეწევით - რათა იყოთ დაცული, გქონდეთ ტერიტორიული მთლიანობა და NATO-სკენ სვლისა და კარში შესასვლელად“, - აღნიშნა აპატურაიმ.
პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი დააჯილდოვა