ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფიის წარსადგენად ემზადება, მიზანი რეგიონში ევროკავშირის როლის გააქტიურება და მეტი ჩართულობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მისივე ბლოგში წერს.

„რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ბორელი ამ საკითხს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და რუმინეთიდან, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ძალიან საჭირო ვიზიტი დაასრულეს. ისინი ჩემი სახელით ჩავიდნენ იქ ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნიშნად. მრავალი კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონში, სადაც ევროკავშირის ინტერესები რისკის ქვეშაა.

ევროკავშირის მხრიდან რეგიონს კონკრეტული სტრატეგია სჭირდება - ექსპერტის ხედვა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევ

Europetime წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

საგარეო საქმეთა საბჭოში (Gymnich) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტები. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ დავავალე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამ მინისტრს, ჩასულიყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩემი სახელით. მათ თან ახლდა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მაიკლ ზიბერტი.

ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე მინისტრის ჩემი სახელით გამგზავრების პრაქტიკა სულ უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო რამდენჯერმე იმყოფებოდა სუდანში და ანგარიშს აბარებს ყველა წევრ ქვეყანას. ეს კარგი გზაა მიდგომის - „Team Europe" შესაქმნელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ადგილზე უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანი.

მოხარული ვიყავი, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ რეგიონში. აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასიამ ასეთი ვიზიტი და ევროკავშირის დღის წესრიგის მხარდაჭერა დაიმსახურა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნობით. მართლაც, მე მივესალმე იმ ქმედებებს, რომლებსაც ხელი შეუწყო საქართველომ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 12 ივნისს გაათავისუფლა 15 სომეხი დაკავებული, ხოლო სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები.

მინისტრებმა ამ ქვეყნების ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი გადასცეს:

ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირების გამყარების პარალელურად; ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობასა და ინკლუზიურობას.

სამხრეთ კავკასია არის რეგიონი ევროპისა და შუა აზიას გზაჯვარედინზე, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ რეგიონში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დაწყებული რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა.

სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სატრანსპორტო დერეფნების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ, რეგიონის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის როლი უნდა განვავითაროთ.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაშია გადაუჭრელი კონფლიქტები. 44-დღიანმა ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად, დაარტყა რეგიონს და შეცვალა რეგიონული ბალანსი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინებია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი იტვირთოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში.

ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირმა შუამავლობით მიიღო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2008 წელს და ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველოს უსაფრთხოებაში და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია ადგილზე 2009 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობით, ნდობის შენებისა და განმტკიცების უდიდესი კონტრიბუტორია.

ევროკავშირი პირდაპირ არასოდეს იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (საფრანგეთი, აშშ, რუსეთი) ხელმძღვანელობით განიხილებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი პასიურია: ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეებს ნდობის აღდგენის ზომების გამოყენებაში, როგორიცაა პროექტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, საზოგადოებრივ დონეზე განხორციელდა.

ჩვენ ასევე მჭიდროდ ვიყავით ჩართული გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს: მე ბევრჯერ ვესაუბრე ორივე ქვეყანაში კოლეგებს და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რათა კონფლიქტის დასრულებისთვის შემეწყო ხელი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა რჩება საუკეთესო გზა ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამასთან, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ძალისხმევას და მზად ვართ, უფრო მეტად ჩავერთოთ.

ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეგიონთან ურთიერთობისთვის არის აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამ პარტნიორს და ევროკავშირს. ეს არის ჩარჩო, რომელიც ეხმარება პარტნიორებს, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის კონფრონტაციული და შეუძლია, გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული გზებით, გააუმჯობესოს მმართველობა და შექმნას მეტი კავშირები პარტნიორ ქვეყნებში.

ახლა ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა გაგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატი, ხოლო საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მის, როგორც ასოცირებული ქვეყნის სწრაფვას.

ევროკავშირს აქვს ხედვა რეგიონისთვის შესათავაზებლად და ის არის სანდო რეფორმატორი პარტნიორი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არიან ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ შიშის და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ არამხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

სამი ქვეყნის ლიდერებმა შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ მათ სურთ, უფრო მეტი ჩართულობა რეგიონში. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კავშირის საკითხებში და რომ ისინი აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ამ ძალიან კარგი და დასაფასებელი ვიზიტის შემდეგ, მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ამ ვიზიტზე აზრთა გაცვლის დაწყებით, რომელიც მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, 12 ივლისს იგეგმება.