ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა 26 ივნისს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. მანამდე ასევე რეგიონული ტურნე ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს, ფილიპ რიკერს. საქართველოში მისი სტუმრობისას, სტრატეგიული პარტნიორისგან თბილისმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლისთვის მადლობა დაიმსახურა. ასევე მიმდინარე თვეს ეწვივნენ საქართველოს ამერიკელი სენატორები, რომლის დროსაც დაფიქსირდა, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. კონგრესის დელეგაცია მანამდე ჩავიდა უკრაინაში, და ლიეტუვაში, რომლის პრეზიდენტი მიმდინარე თვეს ასევე ვიზიტით იყო საქართველოში. უფრო ადრე, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ვიზიტები შედგებოდა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩასვლა ასე შეაჯამა:
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ
„სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან. ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. რუსეთს სომხეთში დამატებითი ძალები ნებაყოფლობით შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან 1940-იან წლებს მაგონებს ლიეტუვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელები“ ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს. მთლიან რეგიონს თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, რუსეთი ყველგან ქმნის „კალინინგრადს", მკაცრად მილიტარიზებულ ანკლავებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევებს.
სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ.
ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ნადირობა – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ამ განცხადებიდან დაახლოეობით ორი თვის შემდეგ, თბილისში, ლიეტუველ და რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „ჩვენ, რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ“.
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, საქართველო რეგიონული მასშტაბით, გარკვეულწილად იზოლაციაში მოექცა იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა ორმა დიდმა სახელმწიფომ, არალიბერალურმა დემოკრატიებმა, თურქეთმა და რუსეთმა: „შესაბამისად, დასავლეთის როლი, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის აბსოლუტურად ნულის ტოლფასი იყო, არც კი ჩარეულან პროცესებში. მათი ინტერესი საერთოდ არ ჩანდა, რამაც გამოიწვია საქართველოს გაუცხოება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორები ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან. ამიტომ, თურქეთის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას საქართველომ უარით უპასუხა, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველომ უარი თქვა ამ ფორმატზე, ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს დასავლური აქტორების, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
აქედან გამომდინარე, საქართველო იზოლაციაში ექცეოდა რეგიონულ კონტექსტში და ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილის, ფილიპ რიკერის ვიზიტიც, რომელიც შეერთებული შტატების მხარდაჭერას გამოხატავდა, ასევე ლიეტუვის პრეზიდენტის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და ზოგადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შესრულებული როლი კრიზისის დროს, რითაც ევროკავშირმა სიგნალი მისცა ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ, მათ შორის რუსეთსაც, რომ საქართველო მისი ინტერესების სფეროში შედის და ამ კრიზისის გადაწყვეტაში რუსეთი კი არ ჩარეულა, არამედ ევროკავშირი ცდილობს მოგვარებას.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუმცა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამით უნდა ვიყოთ კმაყოფილი. სამწუხაროდ, ეს არ არის ჯერჯერობით რაიმე სტრატეგიის მანიშნებელი, ეს არის რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე რეგიონში და არა კონკრეტული ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს მიმართ, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „ჩვენ, რეგიონს სხვა აქტორებს“ არ დავუთმობთ, პოლიტოლოგი განცხადების დონეზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ მხარდაჭერად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამას სჭირდება კონკრეტული სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომელიც ჯერ არ ჩანს.
„ახლა მიმდინარეობს ალბათ უფრო „გადახარშვის“ პროცესი, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არის კიდევ სხვა ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია და მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკის გატარებას და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გერმანიაში მოახლოებული არჩევნები და ასევე, საფრანგეთის არჩევნები, რომელმაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რადგან ამ ორ დიდ სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული კონტურები მისცეს ამ პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი რეგიონისკენაც. უნდა დაველოდოთ, რა ძალები გაიმარჯვებენ და ამის მიხედვით ველოდოთ, რამდენად რეალისტურია ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება რეგიონისადმი და განაგრძობს თუ არა ევროკავშირი რუსეთის სანქცირების პოლიტიკას, თუ გაიმარჯვებენ „დიდი პოლიტიკის“ მომხრეები, რომლებმაც შესაძლოა, აღარ გააგრძელონ რუსეთის სანქციების პოლიტიკა, რადგან ეს ასევე გავლენას ახდენს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებზე, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ვერ გააქვთ რუსულ ბაზარზე“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.
ამ პროცესების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ გახდა, ცნობილი, რომ ბელარუსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას ტოვებს, ფორმატს, რომელიც წარმოადგენს ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას და მისი მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის, ახლა უკვე ბელარუსის გარეშე, ესენი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატსაც ახალი მიდგომა სჭირდება. საამისოდ კი კონკრეტული სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„აღსანიშნავია, რომ ახლა ჩამოყალიბდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი და რამდენიმე დღის წინ ბელარუსმა განაცხადა, რომ გადის ამ ფორმატიდან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახალი მიდგომა სჭირდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატს და ამ სამი ქვეყნისადმი მხარდაჭერას, საამისოდ კონკრეტული სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - მიიჩნევს პოლიტილოგი.
ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა
მისი აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატის დატოვების გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბელარუსის რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და თვითონაც ამისკენ მიდის და ხელს უწყობს. ამასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ბელარუსი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, რაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს, რადგან რუსეთს ყოველთვის სურდა, სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში შეეერთებინა ბელარუსი: „რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლუკაშენკო წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ახლა როგორ წავა ეს პროცესი, ჯერ უცნობია, რადგან ლუკაშენკოსაც არ აქვს ქვეყნის შიგნით ლეგიტიმურობა და რამდენად მოახერხებს, გაუძლოს რუსეთის ზეწოლას, როცა საერთაშორისო იზოლაციაშია, ჯერ კიდევ საკითხავია.
ბელარუსი მანამდეც ფორმალურად იყო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში და მისი გასვლა გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა ოპოზიციურ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და ამ კუთხით შეიზღუდა ევროკავშირის პოლიტიკა. ესეც ალბათ დროებითია, რადგან ბელარუსსაც სჭირდება ბალანსირება, რომ პირდაპირ „რუსეთს არ ჩაუვარდეს ხახაში“. დროთა განმავლობაში დარეგულირებას უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ზუსტად რეჟიმის ცვლილების შემდეგ მოხდება თუ მანამდე, ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ ბელარუსს სჭირდება მეორე საპირწონე, რომ რუსეთთან საკუთარი საგარეო პოლიტიკა დააბალანსოს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.
რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება