ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
შიში, უ-შიში, მო-შიში
დღეს იმ შიშებზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ირაციონალურად მიმაჩნია; იმ შიშებზე მოგითხრობთ, საზოგადოებას რომ შეიპყრობს დროდადრო და დინამიკაში დაკვირვებისას სრულიად აბსურდულად გამოიყურება.
ჩემს ბოლო ბაბლში საქართველოს პასპორტის აღების პერიპეტიები გავიხსენე. მინდა ამ თემას დავუბრუნდე და სხვა კუთხით დავაფიქრო ბაბლის მკითხველი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაახლოებით ათი წლის მანძილზე არც მე და არც მრავალ ჩვენგანს (და ზოგიერთს ალბათ კიდევ უფრო დიდ ხანს) არ გვქონდა იმ სახელმწიფოს დოკუმენტი (პირადობის მოწმობა თუ პასპორტი), რომელშიც ვცხოვრობდით და კვლავაც საბჭოთა პასპორტებს ვიყენებდით. თავი დავანებოთ იმდროინდელი სახელმწიფოს უპასუხისმგებლობას, რომელმაც არ თუ ვერ აღრიცხა საკუთარი მოქალაქეები და არ თუ ვერ აღირსა მათ მოქალაქის დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიკით. მე ჩვენი, ადამიანების, მოქალაქეების ქცევა და ფიქრები უფრო მაინტერესებს. გვტანჯავდა ვინმეს შიში, რომ არარსებული სახელმწიფოს არარსებული ადამიანები ვიყავით? - არა, რასაკვირველია. მოგვიანებით, როდესაც სახელმწიფომ გვაუწყა, რომ სავალდებულოა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მოქალაქის დოკუმენტი, გაჩნდა შიში, შიში დიდი თვალებით, გულის ფეთქვით და მძაფრი ემოციებით, სპონტანური სახალხო პროტესტებით, „ინტელექტუალური“ დისკურსებით და „გონივრული“ არგუმენტებით - სათაგურში ხომ მხოლოდ ყველია უფასო? იქნებ დემონი ზის ამ პირადობის მოწმობაში? რატომ გადაწყდა ჩვენი აღრიცხვა? მიზანი „ხილულია“ - ჩვენი გაწყვეტა, გადაშენება, „ქართველობის წართმევა“... გაჩნდა „შიში“, დაირაზმა ბრძოლაში „უ-შიში“ და წარმოსახვითი საფრთხეების „მო-შიში“ საზოგადოება - როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, ალბათ დაუჯერებლად ჟღერს...
ვის გახსოვთ მაკდონალდსის პირველი რესტორნის გახსნა თბილისში, რუსთაველზე? M ლოგოიანი ფასთფუდის გახსნას არც მეტი და არც ნაკლები, ხანგრძლივი საპროტესტო აქციები და „ინტელექტუალური“ განხილვები მოჰყვა ტელეეთერებში „რაციონალური“ არგუმენტებით - M ლოგო შეგნებული პროვოკაციაა რუსთაველის ძეგლთან რუსთაველის ქვეყანაში... შეურაცხმყოფელია მდარე ბურგერების თავს მოხვევა ხაჭაპურის ქვეყანაში... ჩიზბურგერში ხომ მხოლოდ ყველია უფასო? მიზანი „ხილულია“ - ჩვენი გაწყვეტა, გადაშენება, „ქართველობის წართმევა“... გაჩნდა „შიში“, დაირაზმა ბრძოლაში „უ-შიში“ და წარმოსახვითი ღირებულებების „მო-შიში“ საზოგადოება... ეროვნულ თანხმობაზე მოფიქრალი ჯგუფები გვთავაზობდნენ შემრიგებლურ გამოსავალს - M ლოგოიანი შენობის „მოფარებულ ადგილზე“ გადატანას... ეს ამბავიც დაუჯერებლად გამოიყურება, როდესაც ვიხსენებ... მოგვიანებით, მაკდონალდსი „გავაქართველეთ“ - საბავშვო რესტორანში ლუდის მენიუ დავამატეთ და საერთოდ აღარ გვეშინია მისი პროვოკაციული ლოგოების... ასე ლუკმა-ლუკმა გვართმევენ ქართველობას, ეტაპობრივად, და კარგად ვერ გავიგე რა წამართვეს - ხაჭაპური დიდად არ მიყვარს, M ლოგოიან ფასთფუდს კი საერთოდ არ ვჭამ...
მეორე წელია პანდემიამ შეარყია ჩვეული ცხოვრება ყველა კონტინენტის ყველა ქვეყანაში... ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემას ახლდეს ადამიანური შიში და უნდობლობა; ბუნებრივია მოქალაქეობრივი შეკითხვები ვირუსზე, ვაქცინასა თუ ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტზე... მაგრამ ჩვენი ფიქრები სხვაგან წავიდა - „დიდი მასონური შეთქმულება“, უნდა „დაგვჩიპონ“ უკეთ სამართავად, ქართული გენის „დნმ-ს გვპარავენ“... „ღვთიური ნიშანია“ - ღმერთი შანსს გვაძლევს „გავერთიანდეთ ქართველობის გადასარჩენად“... არ ვიცი, მომავალში ეს ამბავი როგორ გაგვახსენდება, მაგრამ ამჟამად ერთი ცნობილი იტალიური კომედია მახსენდება: ზუსტად იმ დროს, როდესაც მთავარი გმირი უსინდისოდ ცდილობს გულუბრყვილო გოგონას შეცდენას, წყალდიდობა იწყება და წყალი შემოხეთქავს მიწურ ოთახში. გოგონას აზრით, ეს ღვთიური ნიშანია მისი ქალწულობის გადასარჩენად. მთავარი გმირის გულწრფელი რეპლიკა: მართლა გჯერა, რომ ღმერთმა ნახევარი იტალია დატბორა შენი ქალწულობის გადასარჩენად?
***
ირაციონალური შიშები იმიტომ მაოცებს, რომ ხილულ საფრთხეებზე არასდროს გვქონია იგივე რეაქცია - არ გვეშინოდა ტყვიების ზუზუნის, ომების, შიმშილის, კრიმინალური დაჯგუფებების... დღეს არ გვეშინია მცოცავი ოკუპაციის, არაეფექტური ჯანდაცვის სისტემის, კორუფციის, პედოფილებით სავსე საზოგადოების... არ გვეშინია იმ სამომავლო საფრთხეების, რისი ალბათობაც ასეთი მაღალია - ეკოლოგიური კატასტროფები, არშემდგარი ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, ენერგო კრიზისი... არ გვეშინია საკუთარი თავის და საკუთარი უუნარობის, გავუმკლავდეთ ათწლეულებზე გადაჭიმულ წარუმატებლობებს...
ირაციონალური შიშები ბავშვურ ინფანტილურ სამყაროში უნდა დაგვეტოვებინა და ზრდასრულობაში არ წამოგვყოლოდა საგზლად... ნუთუ ყველა გავგიჟდით ან ყველა ჩავრჩით ინფანტილიზმის ტყვეობაში? ყველა შეკითხვა, რომელსაც ვსვამ, საკუთარ თავსაც ვუსვამ - ამ საზოგადოების ორგანულ უჯრედად მივიჩნევ თავს და განყენებულად თუ „სხვებზე უფრო მაღლა მდგომის“ პოზიციიდან არასდროს ვმსჯელობ... პრობლემა ხომ ყველას მოგვწვდება - საზოგადოების ყველა წევრს და ყველა უჯრედს...
ირაციონალური შიში ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობაა, ჩვენი წარსულის კოლექტიური მეხსიერება, იმ წარსულის, სადაც საფრთხე უხილავი იყო, მაგრამ რეალური, სადაც საფრთხე მუდამ თან დასდევდა ჩვენს არსებობას... რატომ არ გვეყო 30 წელი ფსიქოთერაპიისთვის?
დღეს ირაციონალური შიშებით ადამიანების მართვა სარფიან ბიზნესად იქცა ზოგიერთი ჯგუფისთვის. სანამ საკუთარ წუთისოფელს არარსებულ საფრთხეებთან ჭიდილისთვის გავიმეტებთ, მიმოვიხედოთ, ვინ ხეირობს ჩვენი შიშებით და რომელი პრობლემის გადაფარვა არის მათი მიზანი. შევძლებთ ჩავხედოთ საკუთარ შიშებს თვალებში თუ ქაჯანას მოსვლას დაველოდებით?
***
ყველა კლასიფიკაციით, იმ უმრავლესობის წევრი ვარ თავად, რომელიც დაცულად და ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს ამ საზოგადოებაში, მაგრამ ჩემი უფლება ბერჯერ დარღვეულა, ირღვევა და არც ახლო მომავლის იმედი მაქვს დიდად. დღეს არ ვიმსჯელე, რატომ გვეშინია ადამიანის უფლებების დაცვის - არასდროს გვიცხოვრია ისეთ საზოგადოებაში, სადაც „ჩვენი ჭირი ღობეს ჩხირი“ აღარ იქნება სხვებისთვის; უფრო მეტიც, ასეთი საზოგადოება არც კი გვინახავს და არ გვესმის მისი ფუნქციონირების ლოგიკა... რაც არ გვინახავს, ვერასდროს გავიგებთ; რაც არ გვესმის გვაშინებს... შიში კი ოხერია და დიდი თვალები აქვს... არის ამ ლოგიკაში რაღაც რაციონალური...