„სამარცხვინოა პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრის განცხადება“, - თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, „კანონიერი ქურდის“ ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.
„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანისა და გლდანელების მიმართ. რაც შეეხება განცხადებას, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ, წარმოუდგენიათ და თავად შეუძლიათ გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვასაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი.