რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ჩვენი ერი, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის გამთლიანდება მის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მანამდე პარაკლისი ჩაატარა.
მისი თქმით, რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება.
მეუფე შიომ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ძალადობრივ ფაქტებს გადაცდომა უწოდა და არაკორექტული ქმედებების გამო მწუხარება გამოთქვა.
„ყოველ ჟამს მოაქვს თავისი განსაცდელი. დღევანდელ დროში ჩვენს ერსაც აქვს განსაცდელი, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გახლავთ ის, რისი მომსწრენიც დღეს ვართ ჩვენ, რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიც არის სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება.
ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ერი დააშოროს ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე შემართულნი და გაერთიანებულნი. განსაკუთრებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, ახალ თაობაზე, რადგან თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, რომ ეს სიბილწე არის სიკეთე, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ჩვენ ვიცით, რომ ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს.
რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება.
ვწუხვართ, რომ დღეს იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ერი გამოიწვიეს, ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე.
ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება. ჩვენ თუ ამას ხელვყოფთ, თუ ამას არ გავუფრტხულდებით, შეიძლება მძიმე სიტყვებია, მაგრამ გადაშენების გზაზე დავდგებით", - განაცხადა მეუფე შიომ.