გიორგი კვირიკაშვილი: გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის

როგორც ექსპრემიერმა ,,დიანა ტრაპაიძის დღის" ამბებში განაცხადა, ის ემიჯნება გუშინ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ მსგავსი აგრესია ვერანაირ გარემოებას ვერ უნდა გამოეწვია და საზოგადოება პოლარიზებულია.

,,გუშინდელი დღე იყო უმძიმესი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომლებმაც იხილეს ეს აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალადობა, ზიზღი უდანაშაულო ადამიანების მიმართ. მითუმეტეს იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ვფიქრობ ეს არის საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი. არანაირი გამართლება, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს ამ მოვლენასა და რაიმე სხვა მოვლენას შორის. ვერაფერს ვერ უნდა გამოეწვია ის აგრესია, რაც ჩვენ ვიხილეთ და რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს. აუცილებელია, რომ შემდგომი სახელმწიფო ქმედებები განხორციელდეს.

დღევანდელ საზოგადოებაში სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, როგორც პოლიტიკაში ან სხვა სფეროებში. საზოგადოებაში არის უკიდურესი პოლარიზაცია. ნებისმიერი განსხვავებული აზრი რომელიც ითქმევა მაშინვე ის ადამიანი მიკუთვნებულია ან ფუნდამენტალისტებისა და ე.წ. ბნელების საზოგადოების ნაწილად, ან მეორე მხრივ ულტრა ლიბერალური მიმართულების ნაწილად. შუა აღარ არსებოს .

მე მაქვს ისეთი აღქმა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილი გუშინდელ დღესთან დაკავშირებით აღშფოთებულია და კატეგორიულად ემიჯნებიან იმას, რაც ხდებოდა, მითუმეტეს აბსოლუტურად კავშირში არ მყოფი ადამიანების სცემას.

არავის ცემა და არავის ჩაგვრა არ შეიძლება, მითუმეტეს ასეთი ტიპის ძალადობა.

ჩემი აზრით, იმ სახის პროპაგანდა და მარში, რა სახისაც არაერთხელ გვინახავს სხვა ქვეყნებში, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები არ არის. ამ ადამიანების უფლებების დამცველად ჩემი თავიც მიმაჩნია. მთავრობაში ვიყავი, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღებოდა და ნამდვილად არ გამომითქვამს პროტესტი, პირიქით, ვფიქრობ, ეს კანონი და მისი მიღება არ იყო ერთ-ერთი შესასრულებელი მოცემულობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის გვჭირდებოდა.

ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე, მიმაჩნია, რომ იმ ტიპის აქციების ასე ზეწოლით ჩატარება, როგორც უნდათ, რომ საქართველოში გააკეთონ, ისეთივე პრობლემა იქნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციისთვის, რადგან ეს მისცემს საკვებს რუსულ პროპაგანდას, რომ მათ დასვან ტოლობის ნიშანი დასავლურ საზოგადოებასა და ამ ტიპის საზოგადოებას შორის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, 20 ივნისის აქციასა და გუშინდელ აქციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია და ეს მოსაზრება კატეგორიულად მიუღებელია.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად განსხვავებულ ორ მოვლენასთან გვქონდა საქმე. 20 ივნისს პოლიციის ქმედება იყო სხვაგვარი, შედეგებიც დადგა სხვაგვარი. ჩემი აზრით, გიორგი გახარია რომ გადამდგარიყო შს მინისტრის პოსტიდან, როგორც მინიმუმ, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ის დღეს პოლიტიკურად გაცილებით წელგამართული იქნებოდა. ჩემი ეს მოწოდება მაშინ გახარიას ინტერესებიდან გამომდინარე იყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.