საპატრიარქო: დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.

პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა