დავით ზალკალიანი: ევროკავშირის დროშა დაუბრუნდა პარლამენტის წინ კუთვნილ ადგილს, როგორც უალტერნატივო  არჩევანის სიმბოლო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სრულიად მიუღებელია ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში ხდებოდა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

„ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, – წერს ზალკალიანი Facebook-ში.

ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.

ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

შსს-ის ინფორმაციით, გუშინდელ აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.