ჩვენ და ჩვენი ხალხი ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრამ ირალი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოლივერ ვარჰეისთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
"მივესალმები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში. მე მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ჩემი მთავრობის სახელით, კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება. ბატონი ოლივერი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებსა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს.
მოგეხსენებათ, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის, არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ 7 წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ხალხისთვის.
მე აქვე მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ერთი კონკრეტული ხელშესახები ფაქტი, რომელიც არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2016-2017 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია, ისინი უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ჩვენ და ჩვენი ხალხი ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ამ დიდებულ შედეგს მივაღწიეთ.
მეორე საკითხი, რაც მე მინდა გამოვყო, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ბიზნესმენებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართული ნაწარმი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე.
ევროკავშირი უკვე წლებია გახდა ერთ-ერთი ტოპ სავაჭრო პარტნიორი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რომ ჩვენ, სრულად გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთეებით, რომელიც ჩვენ მოგვეცა ასოცირების ხელშეკრულებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკომისარის ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და კომისარი დღეს გაგვაცნობს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის.
ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები.
ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის საკითხებზეც, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან მძიმე გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან.
მე კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 80%, მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ბატონო კომისარო, ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ, მაშინ ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, რომელიც არ გადაიხედება და არ შეიცვლება. ამ პროცესში ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელიც არის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, არა ერთი მუდმივი, პერმანენტული გამოწვევების წინაშე დგება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან კარგად გვესმის, მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ამ გზაზე გავივლით წარმატებულად და გვჯერა, რომ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.