აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასასმელად იქნება გამოყენებული და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე; მთავარი დასაყრდენი რეგიონში.
10-დღიანი ტურნე 7 ქვეყანას მოიცავს. ის თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც მსოფლიო პატრიარქს შეხვდა, ქვეყნის ლიდერებთან კი მოლაპარაკებები არ გაუმართვს. თბილისი ევროპაში მაიკ პომპეოს ბოლო გაჩერებაა. საქართველოს დედაქალაქის დატოვების შემდეგ კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში გაემგზავრება.
სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. რაიმე სახის განცხადება, ან პრესკონფერენცია პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის.
მაიკ პომპეოს ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ არის დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობას ოპოზიციამ მდუმარე აქციით და ტრანსფარანტებით გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, „ქართული ოცნება“ კი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს და მეორე ტურისთვის ემზადება.
საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული ორი რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მესამე შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა. მანამდე კი, დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას ორივე მხარე ხაზს უსვამდა. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ პომპეოს ვიზიტს აშშ-შიც არჩევნები უძღოდა წინ. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.