დღეიდან, საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. 8 ივლისს საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსავლები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით იზრდება; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსთვის.