ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვიდან ერთ-ერთს წინასწარი კვლევით, სპეციფიკური PCR ტესტით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, საბოლოო პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კვლევები დასრულდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„კლინიკაში მყოფი დაავადებულებიდან დაახლოებით 20-30 პროცენტი მცირე ასაკის ბავშვები არიან. აქედან სამი პაციენტი არის ორ თვემდე ასაკის, ერთ-ერთი კი ათი დღისაა. სამივე მათგანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, შესაბამისად, მათი მდგომარეობა მძიმეა. სიმძიმე გამოწვეულია რესპირაციული სისტემის პრობლემებით. ეს არის კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. მცირე ასაკის ბავშვებისა და ახალშობილების უმეტესობას დიდი გართულებებისა და სიკვდილიანობის გარეშე გადააქვთ ეს ინფექცია. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, იგივე ინდურ შტამს, ის ერთ-ერთ ჩვილთან სპეციალური PCR ტესტირებით არის დადასტურებული, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არაა. გენომის სეკვენირება დროში გაწელილია და უფრო რთული კვლევაა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო პასუხსაც მივიღებთ. წინასწარი პასუხის მიხედვით, ერთ ბავშვთან (და არა სამივესთან), რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტია, დადასტურებულია დელტა შტამი. როგორც მოგეხსენებათ, იქ ძირითადად ეს შტამია გავრცელებული“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ,,ინდური შტამი" 27 მაისს დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, ე.წ. ინდურ შტამი ბავშვებშიც იყოს