კარნეგის ფონდის მკვლევარი პოლ სტრონსკი, თბილისში ამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს მომხდარი და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.
,,ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სტრონსკი აცხადებს, რომ რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და საჭიროა იმის შესწავლა, თუ საიდან იღებენ მხარდაჭერას ეს ჯგუფები.
„საქართველოს მთავრობას აქვს უფლება ყველას მისცეს თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის საშუალება. თუმცა, ასევე აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან ადამიანის უფლებები. ჩანდა, რომ 5 ივლისს ქალაქში ბრბო მოძრაობდა. ჟურნალისტების და LGBT თემის მიმართ მოქცევა და დაშინება, ძალზედ შემაშფოთებელი იყო. არ ჩანდა, რომ მთავრობამ მოახერხა კონტროლის დამყარება. ასევე ვიხილეთ ყალბი ბრალდებები პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც ოპოზიციისთვის ამის დაბრალებას ეცადა... ამიტომ ვინ არის პასუხისმგებელი? პასუხისმგებლები არიან ეს ხულიგნები (thugs) და ის რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ძალადობა საკუთარ თავზე აეღოთ. მთავრობა ამ კუთხით პასუხისმგებელია, რომ ვერ მოახერხა ძალადობის აღკვეთა და ცდილობდა, ბრალი სხვებისთვის დაედო. თუმცა საბოლოოდ, მოძალადეები არიან პასუხისმგებლები და მთავრობის, ყველა შესაფერისი მთავრობის ვალდებულებაა შესაბამისად გამოიძიოს [მომხდარი] და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, თუნდაც ისინი მთავრობის მხარეს მყოფი ხალხი იყოს“, - ამბობს მკვლევარი.
ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.
ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.
მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.