იან კელი: მაიკ პომპეო თბილისში მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ეს შეცდომაა

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტისას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ იან კელი Twitter-ზე წერს.

„პომპეო საქართველოშია, მორიგი ქვეყანა სადავო არჩევნების შედეგების პირობებში. ის მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ეს შეცდომაა“, - წერს ამერიკის ყოფილი ელჩი.

სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს.

მაიკ პომპეოს ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ არის დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობას ოპოზიცია მდუმარე აქციით და ტრანსფარანტებით გეგმავს.