საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან.
“მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ეს ტრენინგ ცენტრი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ ამ რეგიონში, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე საზღვაო სექტორში,” - განაცხადა ელჩმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტისას ელჩმა ფოთის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, 13 ლაბორატორია, დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანმა, სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მეზღვაურებისათვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაშიც. დღეს ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია მათი წარმატებით დასაქმების თვალსაზრისით“ - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საზღვაო სფეროს განვითარებაში. საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო იმპლემენტაცია.
2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისაგან სპეციალური ჯილდო - 𝗘𝘅𝗰𝗲𝗹𝗹𝗲𝗻𝗰𝘆 𝗔𝘄𝗮𝗿𝗱-იც კი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და დახმარებას ქართულ ნავსადგურებში თანამედროვე სტანდარტების და მომსახურების დანერგვის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში გვიდგას საზღვაო სერვისების გაციფროვნებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანების პროექტის განხორციელებაშიც, სწორედ აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს ნავსადგურებში აღნიშნული პროექტის დანერგვის პროცესს“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა