ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეეხება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხს, რაზეც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ევროპათაიმთან“ ისაუბრა.
„ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. სხვაგვარად ჩვენ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რაც გულისხმობს ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებას მუდმივად ვსაუბრობთ, დღესაც ვისაუბრებთ და ეს საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიული ურთიერთობის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია“, - განაცხადა მინისტრმა.
გენერალმა ჰოჯესმა ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ აშშ ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქარტველოში გაზრდიდა. მისივე თქმით, ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებაზე საუბრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია და ის, ხვალ, 18 ნოემბერს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.