გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ პლენარულ სესიაზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, საქართველოს განხილვის ანგარიში დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე, რომელმაც შეაჯამა საქართველოს განხილვა.
"მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსთვის წარდგენილი 285 რეკომენდაციიდან საქართველო დაეთანხმა აბსოლუტურ უმრავლესობას 257 რეკომენდაციას. შედეგად
საქართველომ არ მიიღო რეკომენდაციები რუსეთის ფედერაციისგან, რადგან ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის საქართველოს იმ სუვერენულ ტერიტორიებზე, რომელიც კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ქვეშ, როგორც ამის შესახებ გაცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში.
საქართველომ ასევე არ მიიღო რეკომენდაციები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. ამ კონტექსტში საქართველო გაემიჯნა 19 რეკომენდაციას.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თავის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას და ამ კუთხით რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე, ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.
პლენარულ სესიზე საქართველოს საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე გაეროს სააგენტოებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მინისტრის მოადგილემ თავისი გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოს განხილვაში ჩართულ ყველა მხარეს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელის ფარგლებშიც, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.