ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.
ამ მაჩვენებლით, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 220 მილიონზე მეტია, 333 მილიონიანი აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა. თუმცა ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, მალე ბრაზილია შეერთებულ შტატებსაც გადაასწრებს.
როგორც BBC წერს, ასეთი პროგნოზის საფუძველს მათ აძლევთ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება, რომლის გაუარესებაშიც პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ. უფრო მეტიც, სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა.
კიდევ ერთი მოწმე კი ჰყვება, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ პირადადა დახუჭა თვალი ინდოეთიდან კოვიდვაქცინის შეძენაზე. ამ გამოძიებას ოპოზიციონერი სენატორი ომარ აზიზი უძღვება, რომლის ძმაც ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც მეცნიერების არ სჯერა და იმუნიტეტის გამომუშავების იმედად არის დარჩენილი.
პანდემიის დასაწყისიდანვე ბრაზილიის ლიდერი Covid19-ს არასერიოზულად აღიქვამდა და მას "მცირე გრიპს" უწოდებდა. გასულ წელს ვირუსზე სიკვდილიანობის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: "ეს შეკითხვა მათთვისაა, ვინც საფლავს თხრის".
ცნობისათვის, ბრაზილიაში სრულად 14,7 პროცენტია ვაქცინირებული. სპეციალისტების შეფასებით, რომ არა დაგვიანებული ვაქცინაცია, გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი მაღალი არ იქნებოდა.