,,ნიუ ჰოსპიტალის" დირექტორის ინფორმაციით, ,,ტვ პირველის" ოპერატორის შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს

კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალის" დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, ,,ტვ პირველის" ოპერატორის შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს.

მისი თქმით, კლინიკიდან გაწერამდე ლექსო ლაშქარავას ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა.

„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8-ში გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომობთ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან სრული თანამშრომლობაა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

რაც შეეხება გაწერას, აბსოლუტურად სტანდარტის მიხედვით მოხდა ყველაფერი. არაფერი აქ უცნაური არ არის, ეს არის სტანდარტი და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები. რაც შეეეხება დანარჩენს, თეორიებზე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ რა თქმა უნდა ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ჩაუტარდა ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.