საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
,,დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას.
ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას", - განაცხადა ჰარცელმა.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.