მაიკ პომპეო: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში

„მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში““, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდიფანი Twitter-ზე წერს.

„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ვალდებულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში“, - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ.

10-დღიანი ტურნე 7 ქვეყანას მოიცავს. ის თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც მსოფლიო პატრიარქს შეხვდა, ქვეყნის ლიდერებთან კი მოლაპარაკებები არ გაუმართვს. თბილისი ევროპაში მაიკ პომპეოს ბოლო გაჩერებაა. საქართველოს დედაქალაქის დატოვების შემდეგ კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში გაემგზავრება.

სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. რაიმე სახის განცხადება, ან პრესკონფერენცია პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის.