დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, კვლევამ მრავალ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

"მიცვალებული გამოკვლიეს ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად. ჩემი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამავდროულად, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც აიღეს შესაბამისი მასალა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ამ ეტაპზე ძირითადი, სტანდარტული შეკითხვები, რაც მდგომარეობს შემდეგში: რა არის უშუალოდ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას. რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, იკვეთება თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის.

ასევე, დგას საკითხი და გვამიდან აიღეს ნიმუში პასუხის გასაცემად, მიღებული ჰქონდა თუ რა ნარკოტიკული ნივთიერება, მიღებული ჰქონდა თუ არა რაიმე საძილე პრეპარატი, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებას ხომ არ ჰქონდა ადგილი.

ამავდროულად, აიღეს თითის ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ-ის კვლევისთვის მასალა სახის და ხელის მიდამოდან. აიღეს სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები.

რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტლის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, აწ გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა", - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისი თქმით, ცხედრის გამოკვლევის შედეგად, გარდაცვლილის ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა.

"სახეზე გვაქვს დაზიანებები თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურის სახით, რაც დაფიქსირებულია ავადმყოფობის ისტორიაში.

რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას.

კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა. აიღეს კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეულ ინექციის კვალზე.

თუმცა, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რამეთუ დაახლოებით თვე-თვენახევარში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა