ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მწუხარებას გამოთქვამენ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტის გარდაცვალება და პოლიციის უმოქმედობა ძალადობის დროს სრულად უნდა იყოს გამოძიებული.
ამასთანავე, ევროპარლამენტარები საქართველოში მყოფ პოლიტიკურ ძალებს და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, იმუშაონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული ღირებულებები იყოს დაცული.
"საქართველო არის ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზე, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოეს წლებში. ქართველების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ უკვე მტკიცედ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები.
მიუხედავად ამისა, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, შეაფერხონ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე. მიმდინარე მოვლენები, რომლის დროსაც 53 ჟურნალისტი გახდა სამიზნე და რომლებსაც თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.
დამწუხრებული ვართ ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. ჟურნალისტის გარდაცვალება და პოლიციის უმოქმედობა ძალადობის დროს სრულად უნდა იყოს გამოძიებული.
მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, აჩვენონ სიმშვიდე და თავშეკავება, რომ არ მოხდეს პროვოკაცია.
საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული ღირებულებები იყოს დაცული. გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.