მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან მართავს.

ამასთან, მთავრობის მეთაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შედგება.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისს 17 ნოემბერს ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს მართავს. აღსანიშნავია, რომ არ იგეგმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.