ანდრიუს კუბილიუსი: მოლდოვა ევროპის იმედია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, "მოლდოვა ევროპის იმედია". ამის შესახებ მის წერილშია საუბარი.

როგორც კუბილიუსი აღნიშნავს, მოლდოვაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. მისი თქმით, მოლდოვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კრემლი მარცხდება. ამასთანავე, მოლდოვამ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციისკენ.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება მოლდოვაში. საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური ლიდერის, პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია ლიდერობს. მან 53%-ზე მეტი მოაგროვა. ყოფილმა პრეზიდენტმა პრო-რუსმა იგორ დონდონმა 27%-ზე ნაკლები.

მოლდოველი ხალხის არჩევანი არამხოლოდ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის არის გზავნილი, არამედ კრემლისთვის: დღევანდელი მოლდოვა კიდევ ერთი დასტურია, რომ კრემლი მარცხდება. მარცხდება ახალ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ხალხი ირჩევს ევროპულ მიმართულებას. ბელარუსებიც ანალოგიურ გზას ეძებენ.

ეს არის სიგნალი მთლიანად ევროკავშირისთვის - მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირმაც ამ სულისკვეთებით უნდა უპასუხოს და გახსნას კარი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა.

უკრაინას მაიდანი სჭირდებოდა დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად და დაემშვიდობა კრემლის გავლენას. გუშინ, მოლდოვამ მოიგო "მაიდანის" არჩევნები. მოსკოვმა აქაც წააგო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რთულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდა და მხოლოდ კრემლს შეუძლია, ამით ისარგებლოს. მაგრამ საქართველოს დემოკრატია ჩააბარებს ამ გამოცდასაც. ბელარუსები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან თავიანთი დემოკრატიული მომავლისთვის. ერთ დღეს რუსი ხალხიც ამ გზას დაადგება. ეს გარდაუვალი ისტორიული ტენდენციაა.

მოლდოვამ დაამტკიცა, რომ ევროპული ცხოვრების ისტორიული ტენდენციები და ევროინტეგრაცია ნამდვილად გარდაუვალია. მათ ვერ შეაჩერებენ ვერც დიქტატორები, ვერც ოლიგარქები და ძალაუფლების ქურდები, იმიტომ, რომ ოლიგარქებისგან განსხვავებით, ხალხი და მათი სურვილი, იცხოვრონ უკეთესად ნორმალური ევროპული ცხოვრებით, მარადიულია და უძლეველი.

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ მოლდოვის მოქალაქეებს და პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომ იმედი არამხოლოდ საკუთარი თავს, არამედ ევროპას დაუბრუნეს", - ნათქვამია ევროპარლამენტარის წერილში.

ცნობისთვის, მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია ლიდერობს.