ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს

13 ივლისის მონაცემებით, ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია.

მისი თქმით, შემთხვევების მატების უკან, შესაძლოა, პირველ რიგში, კორონავირუსის ინდური შტამი იდგეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ადვილად გადამდებია.

„კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ეს ბოლო ორი კვირაა, გრძელდება, ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა. შემთხვევების დღევანდელი ციფრი, ერთგვარი გაგრძელებაა წინა პერიოდში არსებული მდგომარეობის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია.

რა დგას ამის უკან, რთული სათქმელია, თუმცა, შეიძლება ამის უკან პირველ რიგში იდგეს კორონავირუსის ინდური ვარიანტი, რომელსაც უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. არის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ინდურმა ვარიანტმა ჩაანაცვლა ბრიტანული შტამი, ყველა ანალოგიურ სტატისტიკას აღნიშნავს. ამ ვარიანტით ჩანაცვლებამ გამოიწვია შემთხვევების მატება.

ის პროგნოზი, რაც ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი იქნება დომინანტი, ეს ალბათ, რეალურია. ასე რომ, შემდეგი დღეების განმავლობაშიც, სავარაუდოდ, იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და შეიძლება, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში უკვე ვთქვათ, რომ მთლიანად საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ინდური შტამი.

კიდევ ერთი ხელის შემწყობი არის ზაფხული, რადგან არის უფრო მეტი მობილობა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კითხვაზე, შეუწყო თუ არა ხელი ინფიცირების ზრდას შეზღუდვების გაუქმებამ, ივანე ჩხაიძის თქმით, „შეზღუდვების მოხსნამ გარკვეულწილად იმოქმედა შემთხვევების მომატებაზე“.

„ამას არავინ არ უარყოფს. შეზღუდვის გაუქმება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაინც გულისხმობს შემთხვევების მატებას. ეს არის სავარაუდო, მაგრამ არა ძირითადი მიზეზი, ვინაიდან შემთხვევების მატება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე შეზღუდვებს მოვხსნიდით.

შემთხვევების ზრდის რამდენიმე ფაქტორია, ერთი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, მეორე - შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში, მესამე - ზაფხული და უფრო მეტი მობილობა, გადაადგილება, რაც ავტომატურად ნიშნავს, უფრო მეტ კონტაქტის შესაძლებლობას. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს ახსნილი შემთხვევების მატება", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

_ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება შეზღუდვების დაწესება, გამკაცრება, ან რა ზომების მიღებას ვარაუდობთ?

„იგეგმება თუ არა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზომებთან დაკავშირებით, ორი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ, ერთი - ნიღბის ტარების აუცილებლობა. ყველაზე მთავარი, ის რომ, უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ. ის რომ, სახელმწიფო არ გვავალდებულებს გავიკეთოთ ნიღაბი, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ და ნებისმიერ სივრცეში, ღია იქნება თუ დახურული, ნიღბის გარეშე ვიყოთ. ნიღბის ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა - ეს რეკომენდაციები, რაც აქამდე გვქონდა, არავის გაუუქმებია. ვალდებულება და რეკომენდაციის გაუქმება სრულიად სხვადასხვაა.

მეორე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენი ციფრები დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა. ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის, ისევე როგორ სხვა ტიპის ვარიანტები. ყველა ქვეყანა ინდური ვარიანტის შეჩერებისთვის ეფექტურ საშუალებად, ნიღბის ტარების შემდეგ, ვაქცინაციას განიხილავს. ჩვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეიძლება განვიხილოთ ნიღბის ტარების ერთადერთ საპირწონედ", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს.

„ასეთი პრეცედენტი არსებობს. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც გააუქმეს ნიღბის ტარება და შემდგომში დაუფიქსირდათ შემთხვევების მატება, ისევ დააბრუნეს ნიღბის ტარების ვალდებულება. შესაბამისად, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსი არ ემორჩილება იმ კანონზომიერებას, რომელსაც სხვა ვირუსები ემორჩილებიან. მისი თქმით, ზაფხულში, როცა სხვა ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები მცირდება, კორონავირუსის შემთხვევაში ასე არ ხდება.

„შარშან გვქონდა ილუზია. 11 მარტს, როდესაც ჯანმომ გამოაცხადა პანდემია, ძალიან ბევრი ვფიქრობდით, რომ ზაფხულის განმავლობაში შემთხვევები იქნებოდა ნაკლები, ვინაიდან რესპირაციულ ვირუსულ დაავადებებს ახასიათებთ მკაფიოდ გამოხატული სეზონურობა და ისინი უფრო მეტია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მართალი. კორონავირუსის აქტიურობა გაგრძელდა სეზონის მიუხედავად. ამის დადასტურებაა წლევანდელი მდგომარეობაც, ახლაც შემთხვევების მატება გვაქვს. მატება აღინიშნა ივნისში, როდესაც არცერთი რესპირაციული ვირუსი არ არის. სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, კორონავირუსი არ ემორჩილება ამ კანონზომიერებას", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა