იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია.
მისი თქმით, ნიღბის ტარება აუცილებელია.
"ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა. შემთხვევების დღევანდელი ციფრი, ერთგვარი გაგრძელებაა წინა პერიოდში არსებული მდგომარეობის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია.
ის პროგნოზი, რაც ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი იქნება დომინანტი, ეს ალბათ, რეალურია. ასე რომ, შემდეგი დღეების განმავლობაშიც, სავარაუდოდ, იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და შეიძლება, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში უკვე ვთქვათ, რომ მთლიანად საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ინდური შტამი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
_ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება შეზღუდვების დაწესება, გამკაცრება, ან რა ზომების მიღებას ვარაუდობთ?
„იგეგმება თუ არა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზომებთან დაკავშირებით, ორი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ, ერთი - ნიღბის ტარების აუცილებლობა. ყველაზე მთავარი, ის რომ, უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ. ის რომ, სახელმწიფო არ გვავალდებულებს გავიკეთოთ ნიღაბი, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ და ნებისმიერ სივრცეში, ღია იქნება თუ დახურული, ნიღბის გარეშე ვიყოთ. ნიღბის ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა - ეს რეკომენდაციები, რაც აქამდე გვქონდა, არავის გაუუქმებია. ვალდებულება და რეკომენდაციის გაუქმება სრულიად სხვადასხვაა.
მეორე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენი ციფრები დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა. ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის, ისევე როგორ სხვა ტიპის ვარიანტები. ყველა ქვეყანა ინდური ვარიანტის შეჩერებისთვის ეფექტურ საშუალებად, ნიღბის ტარების შემდეგ, ვაქცინაციას განიხილავს. ჩვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეიძლება განვიხილოთ ნიღბის ტარების ერთადერთ საპირწონედ", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს.
„ასეთი პრეცედენტი არსებობს. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც გააუქმეს ნიღბის ტარება და შემდგომში დაუფიქსირდათ შემთხვევების მატება, ისევ დააბრუნეს ნიღბის ტარების ვალდებულება. შესაბამისად, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს
ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის
ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა