აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
როგორც მან ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტ დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და წაახალისა ძალადობა."გამოვხატავ უდიდეს თანაგრძნობას ლექსო ლაშქარავას ოჯახისა და მისი კოლეგების მიმართ.
ყველა ჟურნალისტის დაცვა და საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებს და ჟურნალისტებს, და ისინი, ვინც წაახალისა ძალადობა, უნდა გამოვლიდნენ და კანონის სრული სიმკაცრით პასუხი აგონ. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველა, ვინც გამოხატავს კონსტიტუციურ უფლებას. ჩვენ ასევე შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები, პრესის თავისუფლება.
ჩვენ მოუწოდებთ ყველას, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილიც დემოკრატიაში არ არის.
ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მცდელობებს მსოფლიოს გარშემო, დავიცვათ ლგბტქი მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ, გავაძლიეროთ LGBTQI+ მოძრაობები და ადამიანები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას LGBTQI ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია.
პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.
გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით.
გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით, გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა", - განაცხადა ნედ პრაისმა.
,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა