საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა - პრეზიდენტი

საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ და მყარ საყრდენად ამ რეგიონში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პომპეოს ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ აშშ ჩვენს გვერდით დგას.

„ეს შეხვედრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს, როცა რეგიონში დღეს ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში მას მერე, რაც იმყოფებოდა საფრანგეთში და ისრაელამდე და ეს ქვეყნები არიან ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და ევროპაში ძალიან სერიოზული მოკავშირე, ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მას მადლობა გადავუხადე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის კრიზისის ფონზე, ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიკურად და იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომელიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება, არის ნიშანი იმის, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ჩართული ამერიკა და ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები - ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავის პოზიცია, თავის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში და ამისთვის მადლობელი ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.