ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მან ერგნეთში ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა.
"არ ველოდებოდი გათავისუფლებას, ყოველ შემთხვევაში დღეს. ღმერთის წყალობით, პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, დღეს კარგად ვარ", - განაცხადა ზაზა გახელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც გახელაძემ აღნიშნა, პატიმრობის შესახებ დეტალურად მომდევნო დღეებში ისაუბრებს.
ზაზა გახელაძეს ადგილზე დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერგნეთში იყმოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.
„პირველ რიგში მადლობა ზაზას, ამ გმირ და ვაჟკაცს, ნამდვილად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს- მის დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.