პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული

პომპეოსთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რამდენად საფრთხეა არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ თემების შესახებ, რასაც შეხვედრაზე პომპეო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეეხნენ.

„მოგეხსენებათ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც ისტორიული ვიზიტი გახლავთ. პირველ რიგში, მადლობელი ვარ ამერიკის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისინი მუდმივად დგანან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, არაფორმალური მმართველობა რამდენად საფრთხეა დემოკრატიული განვითარებისთვის - მოგეხსენებათ, საქართველოს უმთავრესი, ასე ვთქვათ, კოზირი დანარჩენ მსოფლიოში გახლავთ ის, რომ საქართველო ყოველთვის იყო დემოკრატიულ განვითარების გზაზე, ამიტომაც გამოირჩეოდა ყოველთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამიტომაც იღებდა მუდმივად დახმარებებსა და მხარდაჭერას აშშ-სგან და ევროპისგან. ამიტომ ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას და ა.შ. ყველა ეს საკითხი იქნა განხილული", -აღნიშნა ევგენიძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაც.

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რადგან ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ქვეყანაში ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.