"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ "ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებილი ინფორმაციის შედეგი". ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მათ ზუსტად შეასრულეს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობები და ამას "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს.
"ის რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, ზუსტად შეესაბამება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში... რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში ყველაფერი ზუსტად ისე შესრულდა, გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. როგორც მიშელის დოკუმენტში ეწერა, გამოცხადდა საბუთების ხელახლა მიღება დამატებითი კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი. ეს იყო ის, რაც ზეპირად შევთანხმდით, ჩემი მონაწილეობით, და ჩაიწერა ტექსტში. ეს გავაკეთეთ სიტყვასიტყვით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გააკეთა ევროკავშირმა მაშინ ის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა და ეხება მოსამართლეების დანიშვნას და ამ პროცესში პაუზის გაკეთებას, ირაკლი კობახიძის თქმით, "ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებილი ინფორმაციის შედეგი".
კობახიძის თქმით, სესხის გამოყოფაზე უარის თქმა უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.
"ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის და შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ჩვენ ვართ პირნათელი, ქართული საზოგადოების, კანონმდებლობის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაცა სესხს არ გამოგვიყოფს, ეს იქნება აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მხოლოდ ჟურნალისტის კითხვის პასუხი იყო.
"კითხვა იყო დასმული, სადაც სანქციები იყო ნახსენები და ამაზე პასუხად თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. ეს იყო კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. მარტივად არის აქ საქმე", - განაცხადა კობახიძემ.