რა დოკუმენტები სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას

მსოფლიოში ყველა მოგზაურს, სხვა ქვეყანაში წასასვლელად რიგ საბუთებთან ერთად, საზღვარზე ერთი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა მაინც უწევს. კოვიდრეგულაციების ფონზე, საჭირო დოკუმენტების სიის მოცულობა კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსსა და თავად ქვეყნების მიერ ამოქმედებულ შეზღუდვებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, საქართველოში საჰაერო გზით შემოსული ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, ვალდებულია, წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინასწარი რეგისტრაცია და PCR ტესტის წარდგენა საჭირო არ არის. რაც შეეხება, სახმელეთო და საზღვაო გზას, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ის ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი. ამასთან, ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. რეგისტრაცია კი არც ამ შემთხვევაშია საჭირო.

გამონაკლისი ვრცელდება ინდოეთიდან მომავალ პირებზე, ასევე, მათზე, ვისაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის COVID19-ის პანდემიის პირობებში სხვა ქვეყნებში გამგზავრების წესებს, Europetime-მა რამდენიმე ქვეყნის სია შეკრიბა და გთავაზობთ ამ ჩამონათვალს.

აშშ-ში ავიარეისით მიმავალი ყველა მგზავრი (ვაქცინირებული, არავაქცინირებული) ვალდებულია, წარადგინოს COVID19-ის ტესტის ნეგატიური პასუხი, იმისათვის, რომ ავიაკომპანიამ მგზავრი დაუშვას რეისზე. ტესტის პასუხი არ უნდა აჭარბებდეს მგზავრობამდე 72 საათს (3 დღეს). მისაღებია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტი. საერთაშორისო მგზავრობიდან აშშ-ში დაბრუნებულზე, რეკომენდებულია 7-14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

სტუდენტებზე გამონაკლისი მოქმედებს და შენგენის ევროპის ზონიდან, ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან (ან თუ ბლო 14 დღე იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში) აშშ-ში შესვლა შეუძლიათ. ყველასთვის სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩასტარებული PCR ტესტს ნეგატიური პასუხის წარდგენა. კოვიდტესტის წარდგენის გარდა სხვა დამატებითი ვალდებულება განსაზღვრული არ არის.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის იმყოფებოდნენ იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში. შენგენის ზონიდან აშშ-ში შესვლისას, არსებობს გამონაკლისებიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ეს მითითებები ეხება COVID19-ის ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისათვის აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ: Pfizer-BioNTech-ი, Moderna და Johnson & Johnson-ი (J&J). ამასთან, ეს მითითებები ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ვაქცინებზე, რომლებსაც გადაუდებელი გამოყენების ნება დართო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (მაგალითად, AstraZeneca/Oxford).

ავსტრიაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი, რომელიც ბოლო 48 საათში გაიკეთა, ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10-დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენით. 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე). ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდებული შემდეგი ვაქცინები - Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca, Johnon&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი.

ბელგიის სამეფოში შესასვლელად კოვიდვაქცინირებულთათვის განსხავებული წესი არ მოქმედებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელგიას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტილი აქვს. ვაქცინის გარეშე ბელგიის სამეფოს ტერიტორიაზე საქართველოდან გამგზავრება ამ ეტაპზე შეზღუდულია. შეზღუდვები არ ვრცელდება ბელგიის მოქალაქეებზე, ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, მესაზღვრეებზე, დოპლომატებზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ მოწვეულ პირებზე, მეზღვაურებზე, ტრანზიტული მგზავრებზე, ოჯახური მიზნებიდან გამომდინარე მგზავრებზე და ასევე, ჰუმანიტარული მიზნებით მიმავალ პირებზე. 12 წელს გადაცილებულ ყველა მგზავრმა, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან, უნდა იქონიოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხი. სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შეადგენს 7 დღეს (პირველ და მე-7 დღეს სავალდებულოა PCR ტესტირება), მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან მიმავალი პირისთვის - მეათე დღეს.

ვაქცინირებულთათვის განსხავებული წესი არ მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოში შემსვლელთათვისაც. საქართველო ე. წ. „ყვითელ“ სიაშია, რაც ითვალისწინებს ბრიტანეთის საზღვარზე COVID19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას, ქვეყანაში ადგილსამყოფელის თაობაზე ფორმის წინასწარ შევსებას, 10-დღიან თვითიზოლაციას და შემოსვლიდან მე-2 და მე-8 დღეს ტესტის ჩატარებას.

გერმანია

PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის. აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის.

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი მიმდინარე წლის 25 ივნისიდან შეუძლია, ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტული მიზნითაც, გერმანიაში გამგზავრება. ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა. დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი.

იტალია

ვაქცინირებულთათვის განსხავებული წესი არ მოქმედებს. აცრის გარეშე შესვლის პირობები კი ასეთია: საქართველოს მოქალაქის იტალიაში ტურისტული მიზნით მგზავრობა არ არის დაშვებული. საქართველო იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი, დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე. დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს: სამუშაო; მკურნალობა ან სწავლა; გადაუდებელი აუცილებლობა; სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. (იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი).

ისრაელი

ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ისრაელში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.

ისრაელმა დღეიდან, 16 ივლისიდან, ქვეყანაში შემსვლელი ყველა მგზავრისთვის, ვაქცინირებულების და კოვიდგადატანილების ჩათვლით, 24-საათიანი თვითიზოლაციის წესი შემოიღო. ეს დრო შეიძლება შემცირდეს, თუ ისინი უფრო ადრე მიიღებენ კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს.

კვიპროსი

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სრულად არის აცრილი, შეუძლია კვიპროსის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება. ვაქცინირებულებს კვიპროსში შესასვლელად არ ესაჭიროებათ PCR ტესტის წარდგენა, თუმცა შერჩევითობის საფუძველზე, შესაძლებელია ლარნაკის აეროპორტში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდეს Covid-19-ტესტი. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID19 ბარათი, QR კოდით). Johnson&Johnson-ით აცრიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. სხვა ვაქცინების აცრიდან კი მეორე დღესვეა შესაძლებელი კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრება. კვიპროსი აღიარებს Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Moderna-ს, Johnson &Johnson-ს Sputnik V-ს, Sinopharm-ს.

საბერძნეთი

ამ ეტაპზე, უცხოელთა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეზღუდულია. ნებისმიერი, განურჩევლად მოქალაქეობისა, რომელსაც ნება აქვს დართული საბერძნეთში შესვლაზე, უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს: უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებს 14 დღისა. საბერძნეთში აღიარებულია Pfizer-BioTech-ი AstraZeneca, Moderna, Johnson &Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი, Sputnik-ი, Novavax-ი.

პოლონეთი

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს პოლონეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით. პოლონეთში შესვლისათვის დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech-ი, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი. ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით. 12 წლამდე პირი თავისუფლდება კარანტინის ვალდებულებისგან, თუ მშობელი წარადგენს აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

ლიეტუვა

საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაციის გარეშე შესვლა შეუძლია, თუ ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი, ევროპის მედიცინის სააგენტოს მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით: Pfizer-ი, Johnson&Johnson-ი, Moderna, AstraZeneca. სავალდებულოა უკანასკნელ 48 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებიდან არ გასულა 14 დღე.

შვედეთი

კოვიდვაქცინირებულთათვის განსხვავებული წესი არ მოქმედებს. შვედეთის სამეფოში შესვლა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის არის დასაშვები. საზღვრის კვეთამდე მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელ 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR, LAMP, TMA ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. საზღვრის კვეთის შემდგომ, მოქალაქე უნდა გადავიდეს 8-დღიან თვითიზოლაციაში.

ნიდერლანდების სამეფო

საქართველო მაღალი რისკის ქვეყანების სიაშია. ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეუძლია საქართველოდან მიმავალ პირსაც, რომელიც ფლობს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ე.წ COVID-19 ბარათს, QR კოდით). აღიარებული ვაქცინებია: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson&Johnson-ი, Moderna, AstraZeneca, Sinopharm-ი, Sinovac-ი. ნიდერლანდების სამეფოში კოვიდვაქცინის გარეშე გამგზავრება მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის არის დასაშვები.

საფრანგეთი

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით. ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის პასუხები. აღიარებულია Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca, Johnson&Johnson-ი. მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 2 კვირა მაინც. რაც შეეხება, ერთი დოზით აცრას, Johnson&Johnson-ით, ამ შემთხვევაში 4 კვირა უნდა იყოს გასული. 11 წლამდელებზე ტესტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება.

ესპანეთი

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, ესპანეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება შეუძლია. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით. ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე, (Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა). ესპანეთი იღებს შემდეგი ვაქცინით აცრილებს: Pfizer-ი, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი.

შვეიცარია

საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში გამგზავრება შეუძლიათ, საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული დოზის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-ი, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი.

უკრაინა

უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით. საზღვარზე მოქალაქემ უნდა წარადგინოს: დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სრულად აცრას ჯანმოს მიერ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაშვებული ვაქცინებით.

თურქეთი

საქართველოს მოქალაქეს თურქეთში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია. სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა: ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე); ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი; გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი, ესაჭიროებათ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ნებართვა. აღიარებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson-ი, Sinopharm-ი, Sinovac-ი, და Sputnik V. საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, კოვიდპასპორტი ან გამოჯანმრთელების ცნობა.

სომხეთი

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, სომხეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება შეუძლია, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით. დაშვებულია ნებისმიერი ვაქცინია. ვაქცინის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

კოვიდუსაფრთხო ქვეყნების განახლებულ სიაში სომხეთის გარდა, აზერბაიჯანი და უკრაინაც მოხვდნენ.

ცნობისთვის, პირველი ივლისის მონაცემებით, ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს 11 ქვეყანა დაამატა, თუმცა მათ შორის საქართველო არ არის. საქართველოში ვაქცინაცია შემდეგი ვაქცინებით მიმდინარეობს: Pfizer-ი, Astrazeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი.