ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთთან უკანონო დაკავებები და ბორდერიზაცია უნდა შეწყდეს.
„მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ვაფასებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფასილიტაციას მის გათავისუფლებაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრები და დისკუსიები არის უპირველესი მნიშვნელობის. „ბორდერიზაციის“ შეუკავებელი პროცესი, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს!“, – წერს კალიურანდი Twitter-ზე.
ცნობისთვის, გუშინ, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ შეიწყალა.