ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ ჯიბიდან გადახდა გულისხმობს ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯს ნებისმიერ სამედიცინო სერვისსა თუ პროდუქტზე.
,,საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს დაინერგა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვით მოცული მოსახლეობის წილი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე, შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები და გაზარდა სერვისებით სარგებლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც მანამდე არ იყო მოცული.
ამდენად საჭირო ინვესტიციის და ჯანდაცვის მომსახურებაზეწვდომის საგრძნობი გაუმჯობესების მიუხედავად, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კვლავ დაბალია საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე. შედეგად, ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%).
კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2018 წლამდე, ჯიბიდან გადახდები გაიზარდა ოჯახების დანახარჯების 7%-იდან 9%-მდე, რაც მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის გაზრდასთან ერთად გაიზარდა შინამეურნეობების ჯიბიდან გადახდები.
2018 წელს,შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა განიცადა გამაღატაკებელი დანახარჯები ჯანდაცვაზე, ხოლო 17%-მა გასწია კატასტროფული დანახარჯები ჯანდაცვაზე. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ევროპული რეგიონის მასშტაბით.
ჯიბიდან გადახდების (69% 2018 წელს) ყველაზე დიდი წილი რეგულარულად მოდის მედიკამენტებზე, მას მოსდევს სტაციონარული (14%), და ამბულატორიული მომსახურება (11%). შინამეურნეობებს შორის ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია.
2018 წელს,ამბულატორიული მედიკამენტების წილმა ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა უღატაკეს შინამეურნეობებში კატასტროფული დანახარჯებით, ყველაზე შეძლებულ შინამეურნეობებში კი -24%.მართალია, ამბულატორიული მედიკამენტების წილი იკლებს შინამეურნეობის მოხმარების ზრდასთან ერთად, სტაციონარულ,ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე დანახარჯების წილი იზრდება შინამეურნეობის მოხმარებასთან ერთად.
დროთა განმავლობაში, გაიზარდა მედიკამენტების წილი, რაც განპირობებულია ერთ სულზე მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების სწრაფი ზრდით, მოხმარების ყველა კვინტილში 2012-დან 2016 წლამდე პერიოდში.
საქართველოში ჯანდაცვაზე გამაღატაკებელი და კატასტროფული დანახარჯების შედარებით მაღალი რაოდენობის შემთხვევები ასახავს მთელ რიგ ფაქტორებს.
• ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიან შიდაპროდუქტში დაბალია: მართალია, უკანასკნელ წლებშიმნიშვნელოვნად შემცირდა ჯანდაცვაზე მიმდინარე ხარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი - რაც აღსანიშნავი მიღწევაა და ასახავს საჭირო საჯარო ინვესტიციას ჯანმრთელობაში, ჯიბიდან გადახდები ჯერ ისევ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების ერთადერთი უმსხვილესი წყაროა.
• მოცვის დარჩენილი ხარვეზები, რაც დაკავშირებულია მოცვის პოლიტიკის დიზაინის სუსტ მხარეებთან, მათ შორისაა, სტაციონარული და გადაუდებელი მომსახურებისათვის,პირველად ჯანდაცვასთან შედარებით, მეტი პრიორიტეტულობის მინიჭება; ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული მოცვა; მოსარგებლეთა მიერ თანაგადახდის კომპლექსურისისტემა, რომელიც არ არის გამჭვირვალე და პროგნოზირებადი; სახელმწიფოს მიერ დაფინანსების ზედა ზღვრის არსებობა, და თანაგადახდის ზედა ზღვრის არ არსებობა; ის, რომ ხელმოკლე ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არ თავისუფლდებიან ამბულატორიული მედიკამენტების ხარჯის თანაგადახდისაგან; სხვაობის დარიცხვა (balance billing) ჯანდაცვის მომსახურების პროვაიდერების მიერ; და ბიუროკრატიული პროცედურები.
• მომსახურების ფასების ძლიერი რეგულირების და სერვისის მოცულობის კონტროლის მექანიზმების არ არსებობა, ასევე,საქმიანობაზე დაფუძნებული გადახდები საავადმყოფოებისათვის,წაახალისებს საჭიროზე მეტი მოცულობით მკურნალობას და უფრო ძვირადღირებული სერვისების გამოყენებას, რაც იწვევს დანახარჯების გადატანას შინამეურნეობებზე.
• პროვაიდერისათვის ძლიერი სტიმული, გაზარდონ შემოსავლები,ბრენდული მედიკამენტებისა და იმ სერვისების დანიშვნით,რომლებიც არ იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
• პირველადი ჯანდაცვისადმი ნდობის ნაკლებობა, რაც ზრდის ჯიბიდან გადახდებს, როდესაც ადამიანები მიმართავენ თვითმკურნალობას ან არ მიმართავენ რეფერირების სისტემებს და პირდაპირ სპეციალისტებს მიმართავენ.
საქართველოში ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებელი ასახავს დაბალ სახელმწიფო დანახარჯებს ჯანდაცვაზე. ფინანსური დაცვის გაძლიერებისათვის, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში მუდმივი სახელმწიფო ინვესტიცია, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
ახალი ინვესტიცია მიმართული უნდა იყოს მოცვის მხრივ არსებული ხარვეზების გამოსწორებისაკენ, პრიორიტეტად უნდა დადგეს ხელმოკლე შინამეურნეობებისათვის და ჯანდაცვის სერვისებით რეგულარულად მოსარგებლე პირებისათვის უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა.
მომსახურების ფასების(მათ შორის, მედიკამენტების ფასების) და მოცულობების უკეთ დარეგულირების შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება. ნებისმიერი ღონისძიება ფინანსური სტიმულირების შესამცირებლად, რომელიც ადამიანებს სტაციონარული მომსახურებისაკენ უბიძგებს, უნდა განხორციელდეს პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების თანხლებით", - აღნიშნულია ანგარიშში.